საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებული სკანდალური განცხადება პროტესტის მიზეზი გახდა. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობები სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" შეფასებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელი.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მოუხადოს ბოდიში თითოეულ ჯარისკაცს, ასევე მიმართავს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს, მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება.
აქცია-პერფორმანსს გეგმავს პრეზიდენტის სასახლესთან ალეკო ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობა. "მთავარსარდალო ჯარი გვყავს, ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ!" - ეს არის აქცია პერფორმანსის მთავარი მესიჯი.
"მე და ჩვენ, "სამოქალაქო მოძრაობა" მოვითხოვთ, რომ თანამდებობით პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, სინამდვილეში კი ამ ქვეყნის უზარმაზარმა სირცხვილმა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ქვეყნისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
პრეზიდენტის განცხადებას ათონელის რეზიდენციასთან გააპროტესტებენ მოძრაობა "შეცვალე" და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.
შეგახსენებთ, სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება.
"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერებთან შეხვედრისას.