პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. "ლეიბორისტული პარტიის" წევრს, სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან. აქციის მონაწილეებმა და მოძრაობა გაბედეს წევრებმა საკანონმდებლო შენობის წინ, სოლიდარობა გამოუცხადეს გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს.
"იქ ხომ დაგაყენეთო, ასე გვითხრეს, იქ იმიტომ კი არ დავდექი, რომ მევაჭრა, ვიდექი იმიტომ, რომ არ ვიცოდი ეს ჩანთები სად წამეღო. გამოვიძახეთ ლაშა ჩხარტიშვილი, სახლიდან გამოვიყვანეთ ბავშვი. პოლიციელებმა ის დაიჭირეს, ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს," - აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
ასევე, ერთ-ერთი გარემოვაჭრის განცხადებით, მერიის წარმომადგენლებმა მათ ადგილის დატოვება აიძულეს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ლაშა ჩხარტიშვილისთვის მიემართათ დასახმარებლად.
"გუშინ წინ მოვიდნენ მერიიდან, ადექით და მერიასთან წადითო ასე გვითხრეს, მაგრამ რა გვინდოდა იქ არ თქვეს. გუშინაც მოვიდნენ და დაგვაძალეს დაგვეტოვებინა ეს ადგილი. ამის შემდეგ ვთხოვეთ ლაშას, რომ დაგვხმარებოდა, მაგრამ მოვიდა თუ არა დაიჭირეს. რატომ გააკეთეს ეს აზრზე არ ვართ. ისიც არ ვიცით რას ვაშავებთ იქ დგომით და ვაჭრობით," - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.
ჩხარტიშვილის დაკავების საქმეზე, ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი კი აცხადებს, რომ ლაშა ჩხარტიშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
"პოლიციელი დადგება და მოყვება, რომ ის უშვერი სიტყვებით იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ. შემდგომ არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და სწორედ ამის გამო დააკავეს, ეს არის მათი სტანდარტული ტექსტი, რასაც პოლიცია სასამართლო პროცესზე იმეორებს. მე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივად პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ის არაფერს აშავებდა იმის გარდა, რომ აპროტესტებდა იმ უსამართლობას, რომლის წინაშეც მთელი ქვეყანა ვართ,"- განაცხადა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა ”შეცვალეს” წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე