18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
შეუთანხმებლობა საარჩევნო სისტემაზე - ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან

ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მორიგი რაუნდისთვის ემზადება. საარჩევნო წელი დაიწყო და საარჩევნო სისტემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ყველაზე მწვავე და მთავარ საკითხად რჩება. მიუხედავად გასული წლის ბოლოს გამართული მოლაპარაკებების 4 რაუნდისა, შეთანხმება ამ დრომდე არ მომხდარა.

მეხუთე რაუნდის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, არსებული ინფორმაციით, ის მიმდინარე თვის დასაწყისში უნდა შედგეს. სულ ორი ინიციატივა არსებობს, მათგან ერთი ხელისუფლებას, ხოლო მეორე ოპოზიციას ეკუთვნის.

ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც უმრავლესობამ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე წარადგინა, 100 პროპორციულ და 50 მაჟორიტარულ მანდატს გულისხმობს, ხოლო ოპოზიციის ინიციატივა ე.წ. გერმანული მოდელის მოდერნიზებულ ვარიანტს ითვალისწინებს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სიტყვას ოპოზიცია აღარ ენდობა, მოლაპარაკების მაგიდასთან მაინც დაჯდება. 

"ადამიანმა, რომელმაც პრაქტიკულად საკუთარი დანაპირები უკან წაიღო და მოიპარა დაპირებული არჩევნები, რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანისგან? თუმცა, ჩვენ მაინც დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ ჩვენ არ გამოვდივართ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, პირველ რიგში ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის ინტერესები, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ ვსხედვართ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ამ დიალოგმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ კვლავ მოგვიწევს საუბარი უფრო აქტიურად და მწვავედ ქუჩის ენით," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი ე.წ. გერმანული მოდელისა და მათი შეთავაზების შესახებ საუბრობს. 

"არის კომპრომისული ვარიანტი, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ცვლის სისტემას და არის თამაშის წესების შემცვლელი, ეს არის ე.წ. გერმანული მოდელის მოდერნიზებული ვარიანტი და პლუს მაჟორიტარული არჩევნები, ოღონდ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით. ეს არის ჩვენი წინადადება, შესაბამისად, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს და მათგან ველოდებით საპასუხო რეაქციას," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია და ახლა საბოლოო პასუხს ოპოზიციისგან ელოდებიან.

"რა შეთავაზებაც აქვს ოპოზიციას, უნდა იმსჯელონ ამასთან დაკავშირებით. ჯერ არ ვიცით მათი სრული პასუხი ამ საკითხზე და მოდით დაველოდოთ და ამის შემდეგ გავაკეთოთ კომენტარი. შეთავაზება გაკეთებულია და მათი ოფიციალური პასუხი თუ იქნება უარი, ამის მერე გვექნება კონსულტაციები და მერე გავაჟღერებთ ჩვენს პოზიციას," - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ  გურამ მაჭარაშვილმა.

 

დღის ამბები