როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტსა და კონსორციუმის ირგვლივ განვითარებული პროცესები, ხელისუფლების პოზიციამ გამოიწვია:
"ფაქტია, რომ მთავრობისგან ამ პროექტის სულისჩამდგმელების და ძირითადი ინიციატორების მიმართ მოდიოდა ნეგატიური განწყობა. ამ ფონზე პოტენციური ინვესტორებისგან ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ამ პროექტში ფულის ჩადება თითქმის გამორიცხული იყო და ამის შედეგს ვხედავთ სწორედ ახლა. საჯარო ინფორმაციის საფუძველზე თუ დასკვნებს ვაკეთებთ, რამაც გააჩერა ეს პროექტი არის მთავრობის პოზიცია ამ პროექტის მიმართ, "- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ კონსორციუმი არასაკმარის პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე:
"არა თუ ანაკლიის კონსორციუმს, რომელსაც საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენები წარმოადგენდნენ და საკმაოდ ცნობილი კომპანიებიც მიუერთდნენ მას, არამედ ნებისმიერ უცნობ ბიზნესმენსაც რომ მიანდო ეს პროექტი და მისცე სახელმწიფო გარანტია, ისიც კი შეასრულებდა ამ პროექტს. სახელმწიფო მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე არ უნდა ჩაუდგეს უზრუნველმყოფად და გარანტორად ერთ კონკრეტულ კომპანიას, თუ კონსორციუმი თავის თავზე არ იღებს ამ პასუხისმგებლობას და მხოლოდ მოგების გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი, ესეთი ბიზნესი, ბიზნესი არაა, არამედ ცოტა სხვა რაღაცა ჰქვია ასეთი ტიპის ბიზნესის კეთებას," - განაცხადა ჭარაიამ.