ცოტნე გამსახურდიას ძმამ, გიორგი გამსახურდიამ ტვიტერზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც მადლობას უხდის "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. წერილში აღნიშნულია, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ყველა საჭირო პროცედურა საქართველოს სახელმწიფომ უზრუნველყო, რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის თურქეთში გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გიორგი გამსახურდიას ცნობით, ამაზე ფონდმა "ქართუმ" იზრუნა:
ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას (რომელთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს და სუს ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა ამ პროცესში ჩართულ პირს (ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან)”, – წერს გიორგი გამსახურდია წერილში, რომელსაც ქალაქ ვარშავიდან აწერს ხელს.
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, მისი მეუღლე ანა ჯაბაურიც, რომლის ინფორმაციიდან, ექიმები მასზე კეთილ-საიმედო პროგნოზებს იძლევიან.
"ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, მაქვს კონტაქტი გიორგისთან, მან დამირეკა და მითხრა, რომ კეთილ-საიმედო პროგნოზებს იძლევიან ექიმები, მას ოპერაცია არ დასჭირვებია,დანიშნული აქვს მკურნალობა, რომელიც უტარდება ადგილზე. ჯერჯერობით ცოტნე ისევ მართვით სუნთქვაზეა თუმცა, დაცვითი ნარკოზის ქვეშ, ამ დღეებში კი დადგება საკითხი, რომ აღნიშნული ნარკოზი ამ დღეებში შეუმცირონ,"- განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს.
ამჟამად ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.