ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხობში ნაპოვნი 56 წლის ქალის ცხედარი, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, სადაც გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს დაადგენენ. პირველადი ინფორმაციით, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
მომხდართან დაკავშირებით, საუბარი გარდაცვლილის ახლობლებს უჭირთ. იმ საცხობის ერთ-ერთი თანამშრომელი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გაზის გაჟონვის შემთხვევას გამორიცხავს.
"გარდაცვლილი ქალბატონი ჩემთან მუშაობდა დამხმარედ. წნევის წამლებს სვამდა ხოლმე, სხვა არაფერი გამიგია, რომ აწუხებდა. შესაძლოა გული გაუხდა ცუდად, სხვა მიზეზი გამორიცხულია, რადგან ყველაფერი წესრიგში გვაქვს, მე უკვე ერთი წელია აქ ვმუშაობ. ყველაფერი შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა. უბრალოდ, მან თვითონ ჩაკეტა ყველაფერი და ეტყობა სიცხისგან შეუწუხდა გული," - აღნიშნა გარდაცვლილის თანამშრომელმა, ნათია გოგოლაურმა.
იმავეს ამბობს საცხობის მეპატრონეც და აღნიშნავს, რომ ობიექტზე ყველა სტანდარტი დაცული იყო.
"ყველა სტანდარტი იყო დაცული, ეს დაადგინა ექსპერტიზამაც. რატომ და რის გამო მოხდა ამას მე ვერ გეტყვით, რადგან მთელი რიგი პროცედურებია ჩასატარებელი," - განაცხადა საცხობის მეპატრონემ, ალექსანდრე კუპრაძემ.
"ვარკეთილ აირის" დირექტორი, ნუგზარ მღვდელაძე კი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ თონეში გაზის ქურა შიდა წვის სისტემით იყო მოწყობილი, რის გამოც ფართობში ჰაერის ნაკადის დამატებითი წყაროს საჭიროება იყო, მაგალითისთვის კი განმარტავს, რომ სარკმელის ღია დატოვებით, უბედური შემთხვევა აღარ მოხდებოდა.
"ჩვენ ვამოწმებთ ყველა ბინასა თუ კომერციულ ობიექტებს, სადაც მივდივართ ყველას ვურიგებთ უსაფრთხოების წესებს. დანადგარები, რომლებიც მანდ იყო, გახლდათ შიდა წვის, სადაც გარედან ჰაერის მიღება არ ხდება. ამიტომ არის ყოველთვის საჭირო სარკმელის გაღება, მას ეს რომ გაეკეთებინა, თუნდაც ორი წუთით, არაფერი მოხდებოდა," - განაცხადა "ვარკეთილ გაზის" დირექტორმა, ნუგზარ მღვდელაძემ.
ვარკეთილის მეოთხე მიკრო-რაიონში მომხდარს პოლიცია იძიებს. დაკითხვაზე იმყოფებოდა საცხობის მეპატრონე. კითხვაზე პასუხი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი გარდაცვლილის სიცოცხლეზე - ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც არ არსებობს.