18 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ირანი ომის ზღვარზე - რა გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები საქართველოზე

ირანის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაურის განეიტრალების შემდეგ, ოფიციალური თეირანი ამერიკას საპასუხო იერიშით ემუქრება და აცხადებს, რომ გენერლის მკვლელობა იგივეა, რაც ომის გამოცხადება.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული გავლენა შესაძლოა საქართველოზეც მოახდინოს. რისკებიდან გამომდინარე ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ ანტიტერორისტული ღონისძიებები გააძლიეროს.

საქართველოში ელოდებიან რას გადაწყვეტს თბილისიდან თითქმის 1200 კილომეტრით დაშორებული თეირანი. როგორ უპასუხებს მეზობელი ირანი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც ირანელი გენერალი მოკლა. ირანის მხრიდან საპასუხო ნაბიჯამდეც ექსპერტებისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაძაბულობა ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდოს.

ამ დაპირისპირების გაგრძელების გაცილებით დრამატული სცენარი აქტიური სამხედრო მოქმედების დაწყებაა, თუ შტატებსა და ირანს შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და ნაომარი ქალაქებიდან გაქცეულმა ადამიანებმა დახმარებისათვის საქართველოს შეაფარეს თავი. ექსპერტთა ნაწილი მოვლენათა ასეთ განვითარებასაც განიხილავს.

ექსპერტები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ახალი გამოწვევები გაუჩნდეს. თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ გამოწვევები იქნება ეკონომიკური მიმართულებით. დიდი ალბათობით შტატებისა და ირანის დაპირისპირება ნავთობზე ფასს გაზრდის. ექსპერტთა თქმით, საქართველოში ირანიდან ფულადი გზავნილების, ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით ცვლილება იქნება, თუმცა ის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე ვერ მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ შტატებისა და ირანის დაპირისპირებას, დიდი ალბათობით, უსაფრთხოების კუთხით საქართველოზე გავლენა არ ექნება, საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტები მაინც მოზომილი და დიპლომატიური პოზიციონირებისაკენ მოუწოდებენ.

დიპლომატიის დროა - ასე გამოეხმაურა ტვიტერზე შტატებსა და ირანს შორის განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა ბაღდადში შტატების საელჩოზე თავდასხმა დაგმო და დეესკალაციის სურვილი გამოთქვა. დღესვე ზალკალიანის უწყებამ ერაყში დაძაბული სიტუაციის გამო იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გააფრთხილა.

როცა გენერალ ყასემ სულეიმანს დაკრძალავენ და ირანში გლოვა დასრულდება, სავარაუდოდ მალევე გაირკვევა რა იგულისხმა ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამეინმა, როდესაც შტატებს გენერლის მკვლელობისათვის - მკაცრ შურისძიებას დაჰპირდა.

დღის ამბები