56 წლის ეთერ გორგაძე, თბილისის პროზექტურაში რამდენიმე საათის წინ მიასვენეს. ის დღეს გარდაცვლილ მდგომარეობაში, პურის საცხობში იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, ვარკეთილის მეოთხე მიკრო-რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი C0-თი მოწამვლა გახდა. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბარი გარდაცვლილის ახლობლებს უჭირთ.
მომხდარს პოლიცია იძიებს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე საექსპერტო სამუშაოები აწარმოეს, გამოკითხეს საცხობის მეპატრონეც. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თონეში დაგროვებული გაზის ნამწვით მოიწამლნენ მამა-შვილი გლურჯიძეებიც. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის ერთ-ერთ პურის საცხობში თანამშრომელმა იპოვა. საბედნიეროდ გაზით მოწამლულები სიკვდილს გადაურჩნენ, ისინი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
მორიგ დაუდევრობას გუშინ, ქუთაისში 21 წლის გოგოც ემსხვერპლა. ის ბინაში გაგუდული იპოვეს.
ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული, გაზრდილი უბედური შემთხვევების ფონზე, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ სპეციალისტების დახმარებით, აუცილებლად მოხდეს გაზის ისეთი გამათბობლების შემოწმება, რომლებიც იაფფასიანია და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
პრევენციისთვის გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ ხდება, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა სახლები დაკეტილია და სპეციალისტები საცხოვრებელ ბინებში შემოწმების მიზნით შესვლას ვერ ახერხებენ.
"გაუფრთხილდი სიცოცხლეს" - მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ენერგოომბუდსმენმა კამპანია რამდენჯერმე წამოიწყო. გაზის დანადგარების ექსპლუატაციისა და ამით გამოწვეული საშიშროების პრევენციის შესახებ, სალომე ვარდიაშილი მოსახლეობას რეკომენდაციებითა და რჩევებით კიდევ ერთხელ მიმართავს.