ამოწურული ვადებით და უკვე გამოთქმული პოზიციებით ანაკლიის პორტის ირგვლივ კვლავ არაერთი კითხვა ისმის. შეჩერდა თუ გაგრძელდება? - პროექტის მომავალზე პასუხები ბუნდოვანია, მათ შორის მათთვისაც, ვინც პროცესებს გარედან აკვირდება, თუმცა ანალიტიკოსები გარკვეულ დაშვებებს აკეთებენ.
მიეცემა თუ არა მივიწყებას პროექტი, ამის შესახებ დასკვნების გაკეთება უახლოეს დღეებში გახდება შესაძლებელი. წინ 2 საკვანძო ამბავია - პირველი: მთავრობის სხდომა, სადაც გადაწყდება თუ რას მოუხერხებენ ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და მეორე: კონსორციუმის პასუხი, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში საქმის საარბიტრაჟო სასამართლოში წაღებას გეგმავს. საქმის ჩიხში შესვლის გამო ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ექსპერტები, თუმცა ნაწილი თვლის, რომ ახლა მორალურად კონსორციუმი წამგებიან პოზიციაშია.
ძველით თუ ახალი ინვესტორით, ანალიტიკოსები პროცესის გაჭიანურებას ვარაუდობენ, განსაკუთრებით კი საარჩევნო წელს, რა დროსაც ანაკლიისთვის რესურსების მობილიზებას არ უშვებენ. არარეალისტურად მიაჩნიათ ხელისუფლების მოლოდინიც, რომ 2020 წლის გაზაფხულზე პორტი სრულყოფილად იმუშავებს. ექსპერტებში არსებობს არაერთი ეჭვი, რამაც პროექტის გაჭიანურება განაპირობა, გარე ფაქტორების გარდა, საუბრობენ შიდა დინებებზეც.
ანაკლიის თემის პოლიტიზირებისა და დამნაშავის ძებნის პროცესმა სახელმწიფო ინტერესები აზარალა - თვლიან ექსპერტები და სწორედ ამიტომ ახლა ორივე მხარეს ახალი წლიდან ახალი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ, რადგან სასწორზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი დევს.
სასესხო ხელშეკრულების წარსადგენად ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა, დეკემბრის მიწურულს ვადებზე საუბარი კონსორციუმმა არარელევანტურად შეაფასა, ხელისუფლების ბოლო პოზიცია კი ისაა, რომ გადავადება აღარ იქნება. თუ როგორი იქნება ანაკლიისთვის 2020 წელი, იანვრის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.