ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგაშოუ "დიდი სცენის" პირველი, ცოცხალი კონცერტი ტრიუმფით დასრულდა.
მეგაშოუს მონაწილეები მაყურებლების წინაშე წარსდგნენ. რამდენიმე საათიანი შოუ, "რუსთავი 2"- ის მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა. ათივე კონკურსანტი ბრძოლას შოუში დასარჩენად მომდევნო კვირას დაიწყებს.
პროდიუსერებისა და კონკურსანტების ემოციური ფონი მეგაშოუს პირველ ლაივკონცერტზე განსაკუთრებულად შესამჩნევი იყო. ათმა კონკურსანტმა საკონცერტო დარბაზში, დიდ სცენაზე პირველად იმღერა. კონკურსანტებმა ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტები შეასრულეს.
ის, ვისაც პროექტის შემქმნელები ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავდნენ მუსიკოსი და მწერალი ერეკლე დეისაძე აღმოჩნდა. ჟიურის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, კონკურსანტებს მუსიკოსი მომდევნო ლაივკონცერტებზეც შეაფასებს.
გუშინდელი კონცერტი სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა. ჟიურისა და მაყურებლის შეჯამებული ქულებით ტურის აუტსაიდერები გამოვლინდნენ. თუმცა, პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ისინი პროექტში დარჩნენ.
პედაგოგები აუთსაიდერებს მომდევნო ლაივკონცერტისთვის დავალებას მისცემენ და შემდეგ ტურზე გადაწყდება, ამ 2 კონკურსანტიდან, რომელი დატოვებს პროექტს.
მუსიკალურ მარათონში მაყურებლის ფავორიტი ცოტნე გელოვანი აღმოჩნდა. პირველ სამეულში ირაკლი კაპანაძე და ლუკა ჩაკვეტაძეც მოხვდნენ.
ჟიურის რჩეული კი, 40 ქულით ქეთა ჭიჭინაძე გახდა. მან ჟიურის ოთხივე წევრისგან უმაღლესი 10 ქულა მიიღო.
მეგაშოუს მომდევნო კონცერტს ისევ დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. შემდეგი ლაივკონცერტისთვის მონაწილეებს თავდაუზოგავი შრომა მოუწევთ და მეგაშოუში დასარჩენად ბრძოლას სწორედ მომდევნო კვირას დაიწყებენ. ჟიურის შეფასებასთან ერთად კი, მათ ბედს მაყურებელი გადაწყვეტს.