დღეს ოპოზიცია 2020 წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ლიდერები 5 საათზე "ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ე.წ. შავი სიაა.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ჩამონათვალში იმ პირებს შეიყვანენ, რომლებიც საზოგადოებაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ. მათ შორის იქნებიან მოსამართლეები, სამართალდამცველები, პროკურორები და პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ოპოზიციას კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს სია 15 იანვრამდე გახდება ცნობილი. მათი განცხადებით, ე.წ. შავ სიაზე მსჯელობა გრძელდება და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა სწორედ დღეს გაიმართება, რის შემდეგაც შესაძლოა, სიის კონკრეტული სახელები და გვარებიც გახდეს ცნობილი.
საუბარია ორ სიაზე. ერთის მხრივ იმ ადამიანებზე, რომლებიც ოპოზიციის თქმით, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აღასრულებდნენ, მათ შორის სამართალდამცველები, პროკურორები და მოსამართლეები.
მეორე, დაზარალებულთა სია კი, იმ ადამიანთა ჩამონათვალი იქნება, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, პირველი სიის ფიგურანტებმა დააზარალეს.
"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ის კონკრეტული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები არიან, რომლებიც ტრადიციულად მონაწილეობენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში, ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთებს. მთელი ეს სისტემა "ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ისე, რომ ეს ადამიანები არ შეუცვლია. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ადრე თუ ამ ადამიანებს დაკვეთას აძლევდა "ნაციონალური მოძრაობა", ახლა იგივე დაკვეთას აძლევს "ქართული ოცნება".
როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, აუცილებლად ეს კონკრეტული პროკურორები, მოსამართლეები, გამომძიებლები, პოლიციელები როგორც მინიმუმ დატოვებენ თანამდებობას და ზოგიერთ მათგანს შესაძლებელია ციხეშიც მოუწიოს წასვლა," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ.
ოპოზიცია ამბობს, რომ სიას თან მტკიცებულებებს დაურთავს, შემდეგ კი სანქციებისთვის პარტნიორ ქვეყნებს და ორგანიზაციებს გადაუგზავნის. ოპოზიციონერების განცხადებით, ეს არ არის გზავნილი მხოლოდ დასავლელი პარტნიორებისთვის, რომლებისგანაც ამ ადამიანების სანქცირებას ითხოვენ. ეს არის გზავნილი ქართული საზოგადოების მიმართაც, რომლებმაც დამნაშავეების სახელები და გვარები კარგად უნდა იცოდნენ.
"ჩვენი მოთხოვნა იქნება საერთაშორისო საზოგადოებისკენ, რომ დაწესდეს მთელი რიგი სანქციები და ეს აპრობირებული მეთოდია, სანქციები შეიძლება იყოს ფინანსური, მათი აქტივების გაყინვა, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფება და ასევე გადაადგილების შეზღუდვა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.
მქონდა კონკრეტული კონსულტაციები როგორც ელჩებთან, ისე ჩვენს საზღვარგარეთ პარტნიორებთან. მათი მხრიდან არსებობს მზაობა, რომ კონკრეტული ფასი გადაიხადოს დღევანდელმა სისტემამ ხალხის გადაგდებისთვის, პოლიტიკური ძალადობისთვისა და დევნისთვის," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა გაგრძელდეს. ასევე დეკანოიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხი საზოგადოების მხრიდან მუდმივად განსახილველი საგანი გახდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენი საზოგადოების მხრიდან იყოს მუდმივი განსახილველი საგანი და ზეწოლა გაგრძელდეს ამ ადამიანებზე. რასაკვირველია რეალურია, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ამ ადამიანებს ჰქონდეთ მომავალში პრობლემები, მათ შორის დიახ ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილების," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.