ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში შესაძლო ვიზიტს, უარყოფითად აფასებს ოპოზიცია.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, ვრცელდება როგორც რიგით მოქალაქეზე, ასევე მინისტრზე. გიგი უგულავას თქმით, სერგეი ლავროვი ხელისუფლებამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვას.
"ქართული ოცნების" მთავრობა რომ მოვიდა, პირველი რისი გაკეთებაც უნდოდა, იყო ანტიოკუპაციური კანონის გაუქმება. "ქართული ოცნებისგან" ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, მაგრამ კანონი არის კანონი, ის მოქმედებს მინისტრზეც, რიგით მოქალაქეზეც. ლავროვს დარღვეული აქვს კანონი და ის არ უნდა შემოუშვან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ყველა შემომშვები იქნება დამრღვევი და შესაბამისად, კანონდარღვევის გამო ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება პასუხი,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა.
საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას მაისში უმასპინძლებს. კომიტეტში კი 47-ი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, მათ შორის არის რუსეთიც.