საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალება სასურველი იქნებოდა.
როგორც ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განმარტა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული პირების მიერ ხშირად ხდება სპეკულაციის მიზეზი.
"ეკლესიას მოგეხსენებათ, რომ დღეს სრულიად სხვა სამზადისი აქვს, თუმცა რადგანაც საზოგადოების დიდი ინტერესია, გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს შეწყალების თაობაზე გამოვეხმაუროთ.
უპირველესად უნდა ავღნიშნოთ, რომ თითქმის სამწლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებების ეკლესიის მიმართ, ეკლესიის შუამდგომლობის გადაწყვეტილებამ მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მთავარმა ორგანომ - სინდოდმა და სინოდის მიერ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, არის უმაღლესი ლეგიტიმაციის და ის გამოხატავს ეკლესიის ნებას.
პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი. აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი ისედაც გულმოწყალებას გულისხმობს.
ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა გათავისუფლებულიყო დეკანოზი, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ეს პერფორმანსი დასრულდებოდა.
ცხადად ვხედავთ და აქამდეც გვითქვამს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენი ხედვით, მძევლადაც კი არის ეს ადამიანი იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად," - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.