სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ღვთისმსახურებას ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი შეფასებით, პატრიარქის ეპისტოლე იყო განსხვავებული და სამშობლოს ღვთისადმი შევედრებას ჰგავდა.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის თქმით, ეპისტოლეში უფრო მეტად იყო განმარტებული ქრისტიანისთვის მთავარი ღირებულებები.
"ეპისტოლე, ვფიქრობ, განსხვავებული იყო წელს. ეს იყო უფრო მეტად შევედრება სამშობლოსი ღვთისადმი, უფრო მეტად - ლოცვა, უფრო მეტად განმარტება იმისა, თუ რა არის მთავარი ღირებულებები ქრისტიანისთვის, მორწმუნესთვის, მართლმადიდებლისთვის," - განაცხადა გიგი წერეთელმა.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შობა ქრისტიანული სამყაროსთვის არის სიხარულის დღესასწაული.
"შობა ქრისტიანული სამყაროსთვის არის სიხარულის დღესასწაული და მე მინდა, მეტ ქართველ ოჯახს ულხინდეს, ჩვენი ქვეყანა უკეთესს იმსახურებს და ამ უკეთესობისთვის ჩვენ სიკეთით და სიმტკიცით ერთად უნდა ვიბრძოლოთ," - განმარტა თინა ბოკუჩავამ.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დადგა დრო ქვეყნის განვითარებაში წვლილი ყველამ შეიტანოს.
"მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რაც დღეს პატრიარქის ეპისტოლეში იყო და რაც მთავარია, დადგა დრო, რომ ყველამ დავიწყოთ ჩვენი წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ქვეყანა არის მართლაც საოცარი პოტენციალის მქონე ქვეყანა და დღევანდელ დღეს ვისურვოთ ის, რომ ამ პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა გვქონოდეს 2020 წელს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.