18 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
"გამოირჩევა მზაკვრობით მეუფე დიმიტრი" - მეუფე პეტრე მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი არც საშობაოდ შეიწყალა, ეკლესიის უმაღლესი იერარქები ერთმანეთს მორიგ ბრალდებებს უყენებენ. ბოდბელი ეპისკოპოსის ბრალდებას, რომ მეუფე პეტრე დაკავებულ დეკანოზთან ცოდვით კავშირშია, ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პასუხობს.

"პირველი იერარქი, საჭეთმპყრობელი ეკლესიისა, თავის პოზიციას არ გამოხატავს და გამოხატავენ მისი გარემოცვის ადამიანები ძალიან ანტიქრისტიანულად, ეს არის უბედურება. გუშინ პატრიარქის ეპისტოლეში მოვისმინეთ ლოცვა და მინდა შევახსენო, რომ უფალი მხოლოდ მართალი და წმინდა ადამიანის ლოცვას ისმენს და როცა პატრიარქმა არაფერი არ თქვა ამ პრობლემაზე და ფაქტიურად ახმოვანებენ ესე ბინძურად მისი თანმხლები პირები, თუ მისი ბანდის წევრები, ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის პასუხისმგებლობა," - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, მეუფე იაკობს სინდისის ხმა და ეკლესიის წინაშე პასუხისმგებლობა არ გააჩნია და სწორედ ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს.

"როდესაც ბოდბელი მთავარეპისკოპოსი საუბრობს ცოდვით კავშირზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ურწმუნო ადამიანის, ურწმუნო მღვდელმთავრის, რომელსაც სინდისის ხმა და პასუხისმგებლობა ეკლესიის წინაშე არ გააჩნია, მაშინ დავსვამდი შეკითხვას, ჩემთვის როგორც ცნობილია, მას მძიმე დანაშაულის გამო დაკავებული ძალიან ბევრი სასულიერო პირი გამოყვანილი ყავს ისე, რომ არც გახმაურებულა. მათ შორის, ნარკოტიკებით მოვაჭრე სასულიერო პირები ყავს გამოყვანილი საპყრობილედან, რა თქმა უნდა, ეს კარგი საქმე იყო და ქრისტიანული, თუმცა შეიძლება იყო დათვური სამსახურიც, მაშინ რა გამოდის, რომ მას ცოდვითი კავშირი ჰქონდა იმ სასულიერო პირებთან? რომელიც გამოჰყავდა საპყრობილეებიდან? წილში იყო მათთან?"- აღნიშნა მეუფე პეტრემ,

მეუფე პეტრე ცაავამ კომენტარი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა. მეუფე დიმიტრის თქმით, პატიმრობაში მყოფი დეკანოზი და მისი ოჯახი საპატრიარქოს აშანტაჟებს, რაც შეეხება მეუფე პეტრეს, მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, რომ ყოფილი ჭყონდიდელი ერთადერთი იყო, ვისაც არ გაუხარდა მამალაძის შეწყალების საკითხის სინოდზე განხილვა და ის დეკანოზის ციხეში ყოფნას ხელს უწყობს.

"უკვე მერამდენედ ასევე მზაკვრულად საუბრობს, გამოირჩევა ამ მზაკვრობით მეუფე დიმიტრი,"- განაცხადა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები