18 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ირანის მუქარა და ამერიკულ ბაზებზე მიტანილი ავიაიერიში - მსოფლიო ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინშია

ირანმა ერაყში მდებარე ორი ამერიკული ავიაბაზა დაბომბა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით ათეულობით ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. კადრებს ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. "ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი" პირდაპირ აცხადებს, რომ ეს იყო შურისძიება გენერლის მკვლელობის გამო.

თავდასხმა მოხდა საჰაერო ბაზა აინ ალ-ასადზე, სადაც 1500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ირანის მეორე სამიზნე ქალაქ ერბილის აეროპორტი იყო. ირანმა ერბილის მიმართულებით 15 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. "სიენენის" ინფორმაციით, ერაყში მყოფი ამერიკელი სამხედროები თავდასხმისთვის მზად იყვნენ და არ დაშავებულან, თუმცა ირანის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ დაღუპულია 80 ჯარისკაცი.
ბაზებზე თავდასხმის შემდეგ ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებიც გააფრთხილა, რომ მათი სამიზნე გახდება ამერიკის ყველა მოკავშირე, ვინც საკუთარ ბაზებს შტატების სამხედრო ძალებს უთმობს.

ამერიკულ ბაზებზე მიტანილ იერიშს "ტვიტერით" გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ზარიფი. ის წერს, რომ თავდასხმა თავდაცვის მიზნით განხორციელდა და ირანს სიტუაციის ესკალაცია არ სურს.

"თავდაცვის მიზნით, ირანმა პროპორციული საპასუხო ზომები განახორციელა. ჩვენი მოქმედებები დაცულია გაეროს წესდების 51 მუხლით. სამიზნე ის ბაზა იყო, საიდანაც ჩვენი მოქალაქეების და მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ლაჩრული შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ არ გვსურს ვითარების ესკალაცია ან ომი, თუმცა თავს დავიცავთ აგრესიისგან," - წერს მუჰამედ ზარიფი.

ამერიკული ბაზებზე თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თათბირი გამართა. თეთრ სახლში მივიდა პენტაგონის ხელმძღვანელი მარკ ესპერი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. თათბირის დასრულების შემდეგ პრესასთან განცხადებები არ ყოფილა, დონალდ ტრამპმა მხოლოდ "ტვიტერში" დაანონსა, რომ სპეციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებდა.

"ყველაფერი კარგად არის! რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი სამხედროები გვყავს. ოფიციალურ განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ," - აღნიშნა ტრამპმა.

განცხადებები გაკეთეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა. რესპუბლიკელმა სენატორმა ლენდსი გრემმა თავდასხმას "ომის აქტი" უწოდა. ვაშინგტონში თანხმდებიან, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს ირანს უპასუხოს.

"ვენ გვყავს პრეზიდენტი რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს თუ რა სურს ირანს. თეირანის ქმედება იყო ომის აქტი. ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმებისთვის შტატების პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება აქვს ირანს პასუხი გასცეს," - განაცხადა ლენდსი გრემი​მ.

"ნათელია რომ თეირანის ქმედება ტერორიზმის გამოხატულებაა. ირანს ერაყის დაპყრობა სურს. სანამ ირანის ამ ქმედებას პასუხს გავცემთ, ფაქტები გვჭირდება. შესაძლოა ირანს მოლაპარაკება სურდეს," - აღნიშნა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კენედიმ.

ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს. ახლო აღმოსავლეთში კრიზისმა ნავთობის ფასზეც იმოქმედა, ავიადარტყმების შემდეგ ნავთობის ღირებულებამ 5 პროცენტით მოიმატა. ევროკავშირი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

დღის ამბები