პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, ის აპირებს გიორგი მამალაძისგან აიღოს ნებართვა იმ ინფორმაციის გავრცელების შესახებ, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის საჯარო არ გამხდარა, ამის შესახებ მან მედიასთან მსჯავრდებული ძმის სანახავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე გააკეთა.
მისი თქმით, არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია და მოწმეები იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საპატრიარქოშია. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საუბარია ზნეობრივ-მორალური, ასევე ფინანსური მაქინაციების შესახებ.
"შევეცდები, რომ გადავათქმევინო ის გამოცხადებული შიმშილობა, რადგანაც შიმშილობით ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას და ამით ჩვენი მტრების წისქვილზე ესხმევა წყალი. ამის შემდეგ მექნება საუბარი იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არსებობს და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში. აუცილებლად ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, რა ინფორმაციაც აქამდე არ თქმულა. ეს არ იქნება უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს იქნება გამყარებული მტკიცებულებებით," - აცხადებს თორნიკე მამალაძე.
თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ის რაც საპატრიარქოს შიგნით ხდება, საეკლესიო კანონის დარღვევაა და ამაზე საეკლესიო გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, მისი თქმით, თუკი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამას გამოძიების შესაბამისი მიმართულება უნდა მიეცეს, რომლის მთავარი ფიგურანტი საქართველოს პატრიარქია.
ცოტა ხნის წინ, გლდანის ციხეში დაკავებული დეკანოზი მოინახულა მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმაც.