18 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ჭიათურაში გარდაცვლილი ქალის ახლობლები პასუხისმგებლობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს აკისრებენ

გახდა თუ არა გრიპი 30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი - დაავადებათა კონტროლის ცენტრში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ოჯახი კი პასუხისმგებლობას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აკისრებს. მათი განცხადებით, პირველ გამოძახებაზე სასწრაფომ პაციენტი კლინიკაში არ გადაიყვანა, რის გამოც, მდგომარეობა გართულდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით კი პირველ გამოძახებაზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ქალს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა. მეორედ კი მდგომარეობა დამძიმებული იყო. 

"როცა სასწრაფო მოვიდა, მაღალი სიცხე ჰქონდა, მათ კი თქვეს, არაფერი სჭირს ისეთი, რომ გადასაყვანი იყოსო, რაც შეიძლება ბევრი სითხე მიაღებინეთ და გამოკეთდებაო. სასწრაფოს ექიმებს რომ ეთქვათ, გადაიყვანეთ საავადმყოფოშიო, შესაძლოა, გადარჩენილიყო," - განაცხადეს ოჯახის წევრებმა.

ჭიათურის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბიწაძის განცხადებით კი, პაციენტი საავადმყოფოში მისვლისას უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო. 

"პაციენტი შემოსვლისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, სავარაუდოდ, ეს გახლდათ დაგვიანებული შემთხვევა, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობის კლინიკა, ეს ყველაფერი კი პნევმონიის ფონზე განვითარდა, რომელსაც წინ ვირუსული მდგომარეობა უძღვოდა.

სამწუხაროდ, პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა. შემოსვლიდან საათსა და 15 წუთში დაფიქსირდა კლინიკური სიკვდილი. ამის შემდეგ ჩატარებული რეამინაციული ღონისძიებების შედეგად კი, 1 საათის შემდეგ ბიოლოგიური სიკვდილიც დადასტურდა," - აღნიშნა "ჯეო ჰოსპიტალსის" ჭიათურის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბიწაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი ჭიათურაში გარდაიცვალა. მას გრიპის ვირუსის სიმპტომები ჰქონდა.

დღის ამბები