18 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
ახალი სატრანსპორტო რეგულაციები - რა მოთხოვნები აქვს დავით მესხიშვილს სახელმწიფოსთან

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ახალ რეგულაციებზე საუბრობს და სხვადასხვა მოთხოვნას აყენებს.

ავტომანქანების აირბალონიანი სისტემის შემოწმების 6 თვით გადავადება, სერვისის ტარიფის გადახედვა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - სწორედ ეს გახლავთ მის მიერ ხელისუფლების მამართ წაყენებული მოთხოვნები. 

დავით მესხიშვილის თქმით, რეგულაციის ნაჩქარევად ამოქმედებას სისტემა მოუმზადებელი შეხვდა. კერძოდ, არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ცენტრების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 7 ასეთი ცენტრი ოპერირებს.

"თუ სატრანსპორტო საშუალებები არ გაივლიან თხევადი გაზის აირბალონიანი სისტემის ინსპექტირებას, ამ შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ ტექნიკური ინსპექტირების გავლას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საზოგადოებას შესაბამისი ცენტრები ვერ შესთავაზეს, არ არის მათთვის ხელმისაწვდომი ეს მომსახურება, ამიტომაც ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება გადავადება," - განაცხადა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა.

მისივე განცხადებით, საინფორმაციო კამპანიის არარსებობის გამო, ავტოტრანსპორტის მფლობელები, პირველ იანვარს ამოქმედებულ რეგულაციას მოუმზადებლები შეხვდნენ და არ არსებობს მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.

მანვე, 2019 წლის ტექინსპექტირების ხარვეზები შეაჯამა და მთავარ პრობლემებად არაერთგვაროვანი მიდგომები, არაჯეროვანი სტატისტიკა, გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა და მაღალმთიან რეგიონებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაასახელა.

დღის ამბები