ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ფონზე აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები შემცირდა. ნიკეის ინდექსი 2.3 პროცენტამდე დაეცა, რაც გასული წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დოუ-ჯონსის ინდექსი კი 350 პუნქტით შემცირდა.
პარალელურად, ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მწვავე პოლიტიკური ვითარების გამო, გაზრდილია ნავთობზე ფასი. ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა თითქმის 70 ამერიკული დოლარი შეადგინა.
გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის დამაიმედებელი ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზები. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საკმაოდ ნეგატიური ტენდენციები შეინიშნება.
"ექსკალაციის განვითარება დიდწილად განსაზღვრავს, რა ფასები გვექნება ნავთობზე. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პირველი იანვრიდან ოპეკი პლიუსი ნავთობის ყოველდღიურ მოპოვებას ამცირებს 1,7 მილიონი ბარელით და იმას მიანიშნებს, რომ ნავთობის ფასები გაიზარდოს," - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ პირველ ეტაპზე სავაჭრო პოტენციალი შემცირდეს.
"ნავთობის საერთაშორისო ფასები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც პრობლემები შეექმნება. ასევე ტურიზმი, ვაჭრობა - ამ მიმართულებებით იქნება გარკვეული კლება. საქართველოშიც ეს პროცესები ნეგატიურად აისახება, რადგან ჩვენი სამხრეთელი მეზობლები პირდაპირ ესაზღვრებიან ირანს," - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ავტორი: დავით ცაგარელი