ოპოზიციის მიერ გაკეთებულ პარალელს 24 წლის მურად წურწუმიასა და სანდრო გირგვლიანის საქმეებს შორის არ ეთანხმებიან ხელისუფლებაში. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის შეფასებით, ეს შედარება არ არის რეალისტური, რადგან გირგვლიანის საქმის ფალსიფიცირებაში მთელი სახელმწიფო მექანიზმი იყო.
კახიანის განმარტებით, მურად წურწუმიას საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკვე გატარდა.
"მე ვიტყოდი, რომ ცინიკურიც კი არის ამ შემთხვევის გირგვლიანის შემთხვევასთან შედარება. გირგვლიანი შეიწირა იმ სისტემამ, რომელიც მაშინ არსებობდა და შემდეგ მთელი სისტემა მუშაობდა იმაზე, რომ რამენაირად დაეფარათ მისი მკვლელობის ამბავი. მურად წურწუმიას საქმე კი არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ხელისუფლება და სამართალდამცველი ორგანოები ადეკვატურად რეაგირებენ," - განაცხადა გიორგი კახიანმა.
2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ 24 წლის მურად წურწუმიას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო.