18 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
11 წლის წინ განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციები - სასამართლოში ხაზარაძის და ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. TBC ბანკის დამფუძნებლების საქმეზე, რომელიც 11 წლის წინ განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს ეხება, ბრალდების მოწმეებს დაკითხავენ. კონკრეტულდ, ეროვნული ბანკის 3 თანამშრომელს, რომელთაც გადარიცხვები შეისწავლეს.

თავად ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კომენტარს თემაზე აღარ აკეთებენ. ისინი საქმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.   

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ ყველა პროცესის დაწყების წინ, მედიისთვის პრეზენტაციას გამართავენ და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

“თქვენ თუ ნახავთ გრაფიკს, რა გრაფიკით არის ჩანიშნული ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენი მოსვლა სასამართლოში, რომელიც იწყება 11 საათზე და მთელი დღე იქნება გაწელილი, პრაქტიკულად, კვირაში გვაქვს დარჩენილი 2 დღე, რომ ჩვენ ვიღაცას შევხვდეთ და რაღაც დავგეგმოთ. მაგრამ მაინც შევხვდებით, გამოვიყენებთ ამ მდგომარეობას,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოში მისვლასას საზოგადოებას მათი გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ. 

“სასამართლოში მოსვლას გამოვიყენებთ საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის, რომ მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები. ახლა დაგეგმილია 19 სხდომა შემდგომი თვენახევრის განმავლობაში, გვინდა, არ დავკარგოთ ეს დრო და გამოვიყენოთ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ არასაპატიმრო საქმეზე იმ ინტენსივობით სხდომების ჩატარება, როგორც ეს დღეს ხდება, უჩვეულოა.

"უჩვეულოა იმის გათვალისწინებით, რომ არასაპატიმრო საქმეა და შესაბამისად, ასეთი ინტენსივობით არასაპატიმრო საქმეებზე სხდომები არ ინიშნება, როგორც წესი. ეს უჩვეულოა, თუმცა ეს შინაარსობრივად ჩვენთვის არაფერს შეცვლის,“ - აცხადებს ზვიად კორძაძე.

პროკურორი გიორგი მიქავა ამბობს, რომ დიდი რაოდენობის მტკიცებულებების გამოკვლევის გამო, მიზანშეწონილია ამ ინტენსივობით პროცესების დანიშვნა.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

 

 

დღის ამბები