ევროსასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე განხილვა დაიწყო.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) ინფორმაციით, ევროსასამართლოსგან მიიღეს ოფიციალური ცნობა, რომ საქმეზე "მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ," ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწყო.
EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადავო პროცედურების ფარგლებში, მთავრობას 2020 წლის 31 მარტამდე განესაზღვრა ვადა, რათა ევროსასამართლოს მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს და სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს.
"განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.