ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს ბრალის დაზუსტების შედეგად, დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ. გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. დღეს მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით." - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.