იმის მიუხედავად, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მთავრობას კიდევერთი შეთავაზებით მიმართა, არც პოლიტიკოსებს და არც ამ სფეროს ანალიტიკოსებს არ აქვთ პოზიტიური მოლოდინები, რომ შესაძლოა რაიმე შეთანხმება მოხდეს და "კონსორციუმმა" ამ პროექტზე მუშაობა კვლავ განაგრძოს.
ექსპერტების პოზიციები ორად იყოფა. ექსპერტების ნაწილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბოლო განცხადებებით დადასტურდა, რომ ამ პროექტის განხორციელება სახელმწიფოს ნება არ იყო და ის რამდენიმე მიზეზით ჩავარდა. ექსპერტების თქმით, "კონსორციუმს" ხელი რამდენიმე მიზეზით შეეშალა, ერთ-ერთი მთავარი კი სწორედ რუსული ინტერესები იყო.
"როგორც აღმოჩნდა ეს პროექტი გაჩერდა ფაქტობრივად იმიტომ, რომ რუსეთს უნდოდა, რომ ეს პროექტი გაჩერებულიყო. შესაბამისად, აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ამიტომ საქმე შეკერეს ხაზარაძეზე, ამიტომ ამოუქექეს, 11 წლის წინანდელი, ვითომ ფულის გათეთრების საქმე. აქედან ისეთი დასკვნები კეთდება, მემგონი რაღაც კატასტროფასთან გვაქვს საქმე," - აცხადებს ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი.
ექსპერტების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ "კონსორციუმმა" ცალსახად ვერ შეასრულა ვალდებულებები, არაერთ გზის გადავადების და ხელშეწყობის მიუხედავად და ამიტომ, მათი თქმით, ეს "კონსორციუმი" ამ პროექტის მართვას და განხორციელებას არ იმსახურებს.
"ზუსტად ინვესტორებთან ურთიერთობის დროს ჩვენ ვიცით, რომ 40-მდე ცვლილება შევიდა იმ თავდაპირველ პირობებში, რომელშიც იყო ტენდერი გამოცხადებული. 40 ცვლილება შედის 3 წლის განმავლობაში, 2017, 2018 და 2019 წლები. კაპიტალიც ვერ შეავსო "კონსორციუმმა" და ლაპარაკი, რომ ინვესტორები იყვნენ და მერე ხელისუფლებამ ვთქვათ არ შეუქმნა პირობები ან რაღაცა აიძულა, პრინციპში არის ცოტა არასერიოზული," - განაცხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ.