ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს არ და ვერ განახორციელებს.- ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პორტის პროექტის შეჩერება საქართველოს ინტერესების დასუსტებას ემსახურება. ნაცვლიშვილის თქმით, სწორეს ეს უწყობს ხელს, რუსული გავლენების გაზრდას.
"ახლაც რომ ითქვას, რომ არ იქნება დავა, დარწმუნებული ვარ, ვიცნობთ ოცნების ხელწერას და როგორ მუშაობენ, ისინი ამ პროექტს არც და ვერც განახორციელებენ. გუშინ მოვისმინეთ ბატონი რომან კაკულიას ფაქტიურად აღიარებითი ჩვენება, როდესაც მან ნათლად დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის გაჩერება, ეს იყო რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი. პროექტის გაჩერება ხელისუფლების მხრიდან ემსახურება არა საქართველოს ინტერესებს, არამედ საქართველოს დასუსტების ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ხელს უწობს რუსული გავლენების ზრდას,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებით, რუსეთმა ორმაგი სარგებელი ნახა.
"რუსეთმა ორი კურდღელი დაიჭირა ერთი გასროლით, პირველი ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება საქართველოსი ვეღარ გაძლიერდა ამ პორტის მშენებლობით და მეორე, რომ ეკონომიკური სარგებელი, რაც კი უნდა ყოფილიყო საქართველოში, მთლიანად გადამისამართდა რუსეთის ტერიტორიაზე და ეს გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ,“ - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილმა.
ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს. ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, სერგი კაპანაძე.
"არანაირი გამართლება არ აქვს ივანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გვესმის, რომ გადაწყვეტილება მიიღო მან რუსეთის გავლენის, გადაწყვეტილება მიიღო ასევე ნაწილობრივ თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ოღონდ ამ ყველაფერს გადააყოლა საქართველოს ეროვნული ინტერესები. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი, თუ რატომ უნდა წავიდეს ეს ადამიანი ხელისუფლებიდან,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მისი თქმით, ის პრობლემები, რაც პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობდა, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა.
"ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს აუცილებლად, იმიტომ რომ გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა, ამ პროექტს აქვს ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების ჭრილში,“ - აცხადებს ირაკლი ბერაია.