ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, დავით ჯავახაძე, იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა. ერთ-ერთ მიზეზად სააგენტოს ხელმძღვანელი ინვესტორის მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
დავით ჯავახაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტა აქამდე ბევრჯერ შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა და ინვესტორს ვალდებულებების შესრულების ვადა გადაუვადა.
"ინვესტორმა ვერ შესძლო ძირითადი ვალდებულებების შესრულება, რომელიც შეეხება ფინანსური 400 მილიონი სესხის მოზიდვას, კაპიტალის შევსებას. ასევე, ინვესტორმა ვერ მოახერხა კონტრაქტის გაფორმება ტერმინალის ოპერატორთან და ძირითადი სამუშაოების განმახორციელებელ გენერალურ კონტრაქტორთან. ეს გახდა ძირითადი მიზეზი კონტრაქტის გაწყვეტისა. სახელმწიფოს შეეძლო მინიმუმ 4-ჯერ შეეწყვიტა ხელშეკრულება. ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში, თუმცა ეს არ გააკეთა და არა ერთხელ გადაუვადა ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადა ინვესტორს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს პოზიცია არბიტრაჟში, თუ ამისი საჭიროება დადგება, იქნება ძალიან მყარი,“ - განაცხადა დავით ჯავახაძემ.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სამართლიანია.
"სახელმწიფოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის ლოგიკური და სამართლიანი. მთავარი აპელირება ხდება იმაზე, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა გარკვეულწილად გაჟღერება იმ საქმის, რომელიც უკავშირდება გარკვეულწილად იმ ტრანზაქციებს, რომელიც განხორციელებულია TBC ბანკიდან, აღნიშნული კონსორციუმის დამფუძნებლების მხრიდან. მთავარი პერიპეტიები, მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესის დაწყებამდე იყო რეალურად გაცხადებული. პირობები შეიცვალა და შემსუბუქდა და ეს გარკვეულწილად, არათანაბარ პირობებში ჩამყენებელია იმ მონაწილეებისა, რომლებიც დაახლოებით 12 კომპანია იყო და პრეტენდენტები იყვნენ ანაკლიის პროექტის განვითარებაზე. მათ შორის, ბოლო მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა კომერციული რისკების დაზღვევას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი არასამართლიანი მოთხოვნა, იმიტომ რომ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს,“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.