დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ C ჰეპატიტით დაინფიცირებული 127 ათასი ადამიანიდან 27 ათასი მკურნალობაზე უარს აცხადებს.
მისი თქმით, ხდება მედიკამენტების იმაზე დიდი რაოდენობით შესყიდვა, რაც ქვეყანას სჭირდება, რადგან ეს სტრატეგიული მარაგისთვისაა საჭირო.
"დღეს ანტისხეულდადებითი ჩვენ გამოვლენილი გვყავს უკვე 127 ათასი ადამიანი, მიუხედავად ჩვენი ძალიან ბევრი საუბრისა, თხოვნისა, 100 ათასი ადამიანი მივიდა მხოლოდ კონფირმაციის შემდგომ ეტაპზე, ანუ 27 ათას ადამიანამდე არ მისულა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რომ დავარწმუნოთ ეს 27 ათასი ადამიანი, იმიტომ, რომ მათ ჯერ სიმპტომები არ აქვთ, ისინი არიან სიმპტომებისაგან თავისუფალი ადამიანები, მხოლოდ სხეულში აქვთ ინფექცია C ჰეპატიტის. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ, დაახლოებით 200-300 დოზას გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატისა. იქიდან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ C ჰეპატიტის პროგრამამ წარმატებით ჩაიარა და ამას ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.
"C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში არის გლობალურად აღიარებული პროგრამა და ის, რომ პროგრამა ეფექტურია, ამაზე ვთანხმდებით არა მხოლოდ საქართველოში. ის მონაწილე მხარეები, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში თავიდანვე იყო ჩართული, სრულიად საერთაშორისო საზოგადოება, ვინც არის ძალიან ავტორიტეტული C ჰეპატიტის და, ზოგადად, ღვიძლის დაავადებებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებებთან დაკავშირებული პროგრამების მიმართულებით,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, რომელმაც ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.