ქალი - ისევ ძალადობის მსხვერპლი ქვეყანაში. უმწვავესი პრობლემა, რომელიც პრობლემად რჩება. ყველაზე მეტად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ქალებზე ძალადობენ. მოძალადე ხშირად ქმარი ან მეგობარი მამაკაცია. ძალადობის შემთხვევების ფონზე, მკვეთრად არის მომატებული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა. თუ 2018 წელს შემაკავებელი ორდერის რაოდენობა 7 645 იყო, 2019 წელს ეს ციფრი 9 000-ს გასცდა. არასამთავრობო სექტორი სასწრაფოდ ელექტრონული მონიტორინგის ამუშავებას ითხოვს, საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია, თუმცა საკანონმდებლო ორგანო მის განხილვას არ ჩქარობს.
შემაკავებელი ორდერი რომ მოძალადისგან დაცვის საკმარისი მექანიზმი არ არის, ამაზე ყველა თანაბრად თანხმდება - ძალოვანი უწყებაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ძალადობის მსხვერპლი ადამიანებიც.
დეა გოშხეთელიანი "კურიერთან" საუბარში დღეს კიდევ ერთხელ იხსენებს, რომ მხოლოდ შემაკავებელმა ორდერმა მის ყოფილ მეუღლეზე ვერ იმოქმედა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.
შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიუხედავად, დაზარალებულთა უმეტესობა თავს დაცულად რომ არ გრძნობს, არასამთავრობო ორგანიზაციებშიც ადასტურებენ. იდა ბახტურიძე თვლის, რომ შედგენილი ოქმების უმეტესობა ან დაგვიანებულია, ან საერთოდ არაეფექტური. მესამე სექტორის რეკომენდაციაც მოძალადეების ელექტრონული კონტროლის დროული დაწყებაა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წელს შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. გასული წლის ბოლო ორ თვეში ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ სულ 1534 ოქმი გამოსცა, აქედან ყველაზე მეტი თბილისში და კახეთის რეგიონში დაფიქსირდა. ძალადობის გავრცელებული ფორმა ფიზიკური და ფსიქოლოგიურია.
ის, რომ შემაკავებელი ორდერების გაცემის სტატისტიკა მომატებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სამართალდამცველების მიმართ ნდობა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ის ძირითადი მიზეზებია, რასაც უწყება გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირებს, თუმცა, ამის მიუხედავად, სამინისტროში ამბობენ, რომ შემაკავებელ ორდერთან ერთად, ელექტრონული მონიტორინგი მსხვერპლის დასაცავად აუცილებელია.
ელექტროსამაჯურების პრაქტიკაში გამოყენებას შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყებს. მოწყობილობა შემაკავებელ ორდერთან ერთად გაიცემა. სამაჯურს მოძალადეს დაუმაგრებენ, მისი გადაადგილების ტრაექტორიას კი ე.წ. მსხვერპლი სპეციალური მოწყობილობით გააკონტროლებს. სამართალდამცველების მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.