ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. დღის ბოლომდე გაირკვევა, ვინ შეასრულებს 22 მარტამდე ე.წ პრეზიდენტის მოვალეობას. სოხუმში სიმშვიდეა, მომიტინგეებმა ე.წ. ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება შეწყვიტეს.
სოხუმში ხაჯიმბას გადადგომას ოვაციებით შეხვდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ პრეზიდენტმა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ დოკუმენტი დე ფაქტო პარლამენტს გაუგზავნა. მიმართვის ტექსტი ხაჯიმბას რეზიდენციის წინ მომიტინგეებს ყოფილმა პრემიერმა სერგეი შამბამ წაუკითხა. ამის შემდეგ, დე ფაქტო პრემიერმა მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა
"ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება იყო, გადავწყვიტე თანამდებობა დავტოვო, რათა არ დავუშვა საზოგადოებაში დაპირისპირება, იმ საზოგადოებაში, რომელმაც ბევრი ტრაგედია და განსაცდელი გამოიარა. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება,"- განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
ხაჯიმბას გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე სოხუმში კრემლის ემისარი, პუტინის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა. ოპოზიცია არ მალავს, რომ კრიზისის დაძლევა მოსკოვის შუამავლობით მოხდა.
ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ ე. წ ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიციამ მიტინგი გამართა და მოსახლეობის ნაწილს საპროტესტო აქციის დასრულება აუწყა. ოპოზიციამ ე. წ ადმინისტრაციის შენობაც გაათავისუფლა.
ოკუპირებულ სოხუმში საპროტესტო აქციები 9 იანვარს დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას და ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდა. დემონსტრანტებმა შტურმით აიღეს ე. წ ადმინისტრაციის შენობა. დე ფაქტო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რის შემდეგაც ე. წ საარჩევნო კომისიამ განმეორებითი არჩევნები 22 მარტს დანიშნა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების მიუხედავად საპროტესტო აქცია არ შეწყვიტა და ხაჯიმბას გადადგომა დღის ბოლომდე მოსთხოვა. ე. წ პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება აგარაკზე ოპოზიციის ლიდერებთან და კრემლის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.