პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის მძიმე დანაშაულში კიდევ 2 პირი ამხილა.
დედა-შვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და გაერთიანდა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დანაშაულთან, რომელთა კვალზეც გამოძიება თავდაპირველად გავიდა.
მათი დაკავების ოპერაცია ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა. დღეს კი სასამართლო პირველად იმსჯელებს. არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი და პორნოგრაფია- სწორედ ამას ედავება სასამართლო დაკავებულებს.
საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი საუბრობს არაერთ დეტალზე, რომელიც ბრალეულობის დასადგენად გამოძიებას დაეხმარება, პროკურორის თქმით, საქმეშია საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი მასალებიც.
"არაერთი მტკიცებულება გვქონდა მშობლებთანაც და ბრალდებულებთან, საბანკო გადარიცხვებიც ჩანს და არის მტკიცებულებებში და საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ამანათები აქვთ გამოტანილი ბრალდებულებს," - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.
ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ გამოძიებამ მხოლოდ მტკიცებულებების ელექტრონული ვერსია მისცა და მისი თქმით, საჭიროა მატერიალური მტკიცებულებაც, რასთან დაკავშირებითაც ბრალდების მხარე აპირებს შუამდგომლობის დაყენებას.
"მხოლოდ ელექტრონული ვერსიები მოგვცეს და გვინდოდა მატერიალური მტკიცებულებებიც, რაც არ მოგვცეს, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ შუამდგომლობას. გვაქვს ჩვენც მტკიცებულებები და დავკითხეთ მოწმეები, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით," განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქეა და სასამართლო პროცესზე დღეს ავსტრალიის საელჩოს წარმომადგენლებიც იყვნენ.