ხანძარი იყო გვიან ღამით ქავთარაძეზე. დამწვარია სამშენებლო მასალების ბაზრის ტერიტორიის 400 კვადრატული მეტრი. ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა. ზარალი დაახლოებით 400 000 ლარს შეადგენს. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
დაზარალებულების თქმით, ხანძრის აღმოჩენისთანავე დაცვის პოლიციამ დროული რეაგირება მოახდინა და სახანძრო დახმარება გამოიძახა.
"დაცვის პოლიციამ რეაგირება მოახდინა, მოვიდა, გამოიძახა სახანძრო და სანამ მე ამოვედი უკვე სახანძრო აქრობდა, მაგრამ სულ დადუღებული იყო, აზრი არ ჰქონდა. 300-დან 400 ათას ლარამდეა ზარალი, ზუსტად არ ვიცი. არ ვიცი რამ გამოიწვია," - აცხადებს დაზარალებული ნიკოლოზ ლოლაძე.
ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, ბაზრის მეპატრონეს საკუთრება დაზღვეული ჰქონდა. ხათუნა ჭინჭარაულის თქმით, გამგეობა მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად დაზარალებულებს დაეხმარება.
"დიდ ფართობზე იყო ხანძარი მოდებული. დაზღვევა ჰქონია მესაკუთრეს და ვნახავთ, მთავარია ჯერ დალაგდეს სიტუაცია. ზარალი არ ვიცი წინასწარ, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. რაც კი შეუძლია გამგეობას რა თქმა უნდა დაეხმარება კომპეტენციის ფარგლებში," - განაცხადა ხათუნა ჭინჭარაულმა.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა დარჩა.
"ხანძარი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალები. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, რადგან გვერდზე ახლოს არის სხვა მაღაზიები, ასევე გვერდზე არის ორი ბენზინგასამართი სადგური. დაშავებული არავინ არ არის. დამწვარია დაახლოებით 350-400 კვადრატი," - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე.