რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების დასკვნით კონცერტს დედაქალაქის მერი დაესწრო. კახი კალაძემ ადგილზე მისულ სტუმრებს ძველით ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ღონისძიებები შეაფასა. მისი თქმით, წელს დედაქალაქმა ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლა.
"მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ესტუმრა ჩვენ საახალწლო სოფელს, წელს განსაკუთრებულად ლამაზი იყო ჩვენი ქალაქი, ძალიან ბევრი აპლოდისმენტი დაიმსახურა. ჩვენს საახალწლოდ მოწყობილ დედაქალაქზე უცხოურ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა," - განაცხადა თბილისის მერმა.
საახალწლო დღეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე გამართულ კონცერტებს კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ხელმძღვანელობდა.
"ჩვენმა სადღესასწაულო კონცერტებმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა ქალაქის მერიას ყველანაირი ხელშეწყობისთვის. ჩვენი სლოგანი გახდა - ისტორიით სავსე ახალი წელი და აღნიშნული კონცერტებიც სწორედ ამ ხაზით იმართებოდა," - აღნიშნა კონცერტის ორგანიზატორმა რუსა მორჩილაძემ.