ქავთარაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 400 ათასი ლარია. ამის შესახებ დამწვარი ობიექტის მეპატრონე საუბრობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
"ვიღაცამ თქვა, რომ ბავშვებმა გაიარეს და ასაფეთქებლებს ისროდნენო, ზუსტად არ ვიცი რა და როგორ მოხდა. დაზღვეული გვქონდა 300 ათას ლარში, ბოლოს კი ვერ გადავიხადე, რადგან ქვეყანაში არ ვიყავი," - აღნიშნა დაზარალებულმა ნიკოლოზ ლოლაძემ.
მეორე დაზარალებული კი, ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, სისტემის გაუმართაობას ასახელებს.
"ალბათ გაუმართავი იყო სისტემა, დაზღვეული გვქონდა, რა მოხდა და რა მიზეზით ამას ახლა ვარკვევთ," - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ნანა ჟღენტი.
რაც შეეხება სადაზღვეო კომპანიის მენეჯერის განცხადებას, მათ ზარალის ანაზღაურების შესახებ, ამ დროისთვის პასუხი არ აქვთ.
"უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება და შემდეგ გავერკვევით დეტალებში. ამ მოცემულობით ვერაფერს გეტყვით," - განაცხადა სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ზარალების მენეჯერმა ბექა ფოფხაძემ.
მაღაზია სამშენებლო მასალებით ვაჭრობდა.