18 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ლიდერები "გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარეს შეხვდნენ

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერები "გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარეს შეხვდნენ.

კოტე კემულარიამ, ანა რეხვიაშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ეკა გიგაურს ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმის მასალები გააცნეს.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატშიც. ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები არასამთავრობო სექტორს საქმის მასალებს ეტაპობრივად გააცნობენ.

"შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხი, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებს ეხება. "საერთაშორისო გამჭვირვალობას" მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, რაც ამ პერიოდში იყო. ხელისუფლება ასე ადვილად ამ საქმეს ვერ გაატარებს, ყველა დეტალი იქნება მიწოდებული წერილობითი სახით, როგორც ევროპარლამენტარებისთვის, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვისაც," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა კოტე კემულარიამ.

საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც.

"ვფიქრობთ, რომ დაკავებულებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის მყარი და ვხედავთ პოლიტიკურ მოტივაციებს. მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით. მას ახალი ბრალი წარუდგინეს. ამ მიმართულებით გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ცხადია, მაშინ, როდესაც მკვლელობა მოხდა, ყველა ჩართული პირი უნდა დასჯილიყო. ამიტომ, კითხვა ჩნდება იმის თაობაზე, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილი ამ ყველაფერში ჩართული იყო, რატომ წარუდგინეს ბრალი ახლა და არა მაშინ," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს 19 ნოემბერს ახალი ბრალი წარუდგინეს. მას ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ედავებიან.

დღის ამბები