18 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
უკანონო ბორდერიზაცია ჩორჩანასთან - ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი ოპოზიციის მორიგი ბრალდებების მიზეზი ხდება

ჩორჩანასთან უკანონო ბორდერიზაციის განახლება და ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის მორიგი ბრალდებების მიზეზი გახდა. მათი მტკიცებით, ხელისუფლება არათუ აჩერებს ოკუპაციის პროცესს, არამედ თავისი პოლიტიკით მსგავს ქმედებებს ახალისებს.

"შემაშფოთებელია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აქვს მანდატი, რომ მონიტორინგი ჩაატაროს საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, დღემდე ოკუპირებული ტერიტორიები რჩება მათ კონტროლს მიღმა და დღევანდელ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არანაირი პოლიტიკა არ აქვს იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალური არ იყოს.

"ევროპულმა საქართველომ, როცა რეზოლუცია შეიტანა პარლამენტში, რომ სანქციებში მოხვდეს ჩვენი ოკუპაციის თემა და იმუშაოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ უმაღლეს დონეზე დადგეს ჩვენი დეოკუპაციის საკითხი, ამაზე ქართულმა ოცნებამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. ერთი სიტყვით, ქართული ოცნების პოლიტიკაა, რომ ჩვენი ოკუპაციის საკითხი არ იყოს აქტუალური საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება, რომ საკითხი დასავლეთისთვის აქტუალობას არ კარგავდეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ ქმედებებს ახორციელებს. 

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მუშაობენ ინტენსიურ რეჟიმში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა დონეზე და ამ მიმართულებით, ჩვენ ვახორციელებთ აქტიურ ძალისხმევას. რა თქმა უნდა, მთავარი გამოსავალი ამ მიმართულებით არის ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია ამ მიზნით, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის შეწყვეტით შეთანხმებული ვალდებულებები," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ

 

 

 

დღის ამბები