Human Rights Watch- ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ყველაზე დიდი ადგილი 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს აქვს დათმობილი, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული.
ანგარიშში საუბარია, რომ მთავრობამ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა კი საქართველოში პრობლემად რჩება.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დოკუმენტში კარგად არის აღწერილი ის მოვლენები, რომელიც ქვეყანაში 2019 წელს განვითარდა.
"Human Rights Watch-მა ძალიან დეტალურად, კარგად და სწორად აღწერა რაც 2019 წელს ხდებოდა საქართველოში ყველა მიმართულებით. 20 ივნისთან დაკავშირებით, ძალიან ცალსახად აქვს პოზიცია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც მოჰყვა დარბევა პოლიციის მხრიდან და რომ პასუხისმგებლობები განაწილდა არათანაბრად," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა, სერგი კაპანაძემ.
Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, ხელისუფლების შავ ლაქას უწოდებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ ამახვილებს ყურადღებას.
"ეს არის ანგარიში არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე. მოქალაქეების დაზიანების ფაქტები არ გამოუძიებია არავის დღემდე და არ დაუწყია გამოძიება, თუმცა ვნახეთ, რომ პოლიციელებს ძალიან სწრაფად მიანიჭეს დაზიანებულის სტატუსი. ეს არის ყველაფერი სწორედ ამ ანგარიშში ასახული, იმიტომ რომ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ხელისუფლება ასე არ იქცევა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დოკუმენტის შეფასებისას, პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პროკურატურა ერთი ადამიანის დაქვემდებარების ქვეშ არის მოქცეული.
"ეს დასკვნა და არა მარტო ეს დასკვნა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს. ჩვენ ქვეყანაში პროკურატურა არის მითვისებული ერთი ადამიანის მიერ. ეს პოლიტიკური პატიმრები, თუ 2020-ის მერე დაპატიმრებული ადამიანები, არიან ერთის მიერ გადაწყვეტილების შედეგად მიღებული შედეგი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ანგარიშში საუბარია ასევე სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით და ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში მედია ლანდშაფტი შეცვალა.