დეკანოზის ადვოკატი და ოჯახი სასჯელის გადავადებას ითხოვენ. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" საჩივარზე უკვე მუშაობს, რომელიც საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში უნდა შევიდეს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თუ დაკავებული უახლოესი პერიოდის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებას არ დატოვებს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობის გადავადების პრეცედენტები მართლმსაჯულებაში არსებობს.
"ეს არ არის ჩვენი ნახვის შემდეგ შეფასება, ეს მართლა რეალობაა და ყოველი წუთით და წამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას მისი სიცოცხლე. პრეცედენტები არსებობს მართლმსაჯულებაში და ყოფილა სასჯელის გადავადება. ერთ-ერთი მიზანი არის, რომ დეკანოზი თავისუფლებაში შეხვდეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სამართლიანობას შეეფერება და ყველა დაინახავს დეკანოზის უდანაშაულობას," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.