თავდაცვის სამინისტროს შ.პ.ს. სახელმწიფო კვების კომპანიამ, თავდაცვის ძალების, ხორცის მიმწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს, ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა.
ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში წერია, რომ დაჯარიმებას წინ უძღოდა მაკონტროლებელი სამსახურის მიერ, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული ხორცის ნიმუშების სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნა.
"თავდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი სამსახურის მიერ სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ იქნა სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია "ქარვა") ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ - 124 950 ლარი შეადგინა.
თავდაცვის სამინისტროში, ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებად, საქართველოს თავდაცვის ძალებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესება იქნა დასახული. ამ მიმართულებით მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
კერძოდ, შეიცვალა კვების რაციონი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა, დაიწყო ყველა სასადილოს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით, 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ქართული წარმოების ხორცით.
ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების კუთხით. მათ, შორის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა," - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.