საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ ანრი ოხანაშვილის ინციდენტს გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით მიუღებელია, რომ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენო და დაემუქრო, როდესაც ის მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება.
"ადრე, როდესაც ცოლთან და შვილებთან იყო ადამიანი, არ ხდებოდა მსგავსი ინციდენტები. გაუგონარია, როდესაც 2-4 წლის ბავშვთან ერთად ხარ და აი მაშინ ხდება დაპირისპირება, თან გემუქრებიან, ეს არის მარაზმი. ანრისთან მქონდა კომუნიკაცია და ერთ-ერთ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევებს უნდა მოჰყვეს რეაგირება, რომ ვერც მორალურად და ვერც კანონის წინაშე მსგავსად მოქცევა არავინ გაბედოს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა. ანრი ოხანაშვილი მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე მას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ უცხო პირი მას დაემუქრა.