შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში განმწესების შემდეგ, ვინ გახდება ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორი? საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 2 დღეში იწურება. ამ დროისთვის წარდგენილია 5 კანდიდატი. პაატა გაბელია, რაულ გამისონია, გრიგოლ გაგნიძე, სოფიო შენგელია და ფიქრია ზირაქაშვილი.
საპროკურორო საბჭო კანდიდატს ჯერ თავად შეარჩევს, შემდეგ კი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.
"ერთ-ერთ კანდიდატად შევარჩიეთ და საპროკურორო საბჭოს წარვუდგინეთ ფიქრია ზირაქაშვილი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. კერძოდ, 2002 წლიდან ის იურიდიულ სფეროში მოღვაწეობს, იგი იყო სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე, ბოლოს ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა. დღეს ეწევა საადვოკატო საქმიანობას. ვფიქრობთ, რომ ის ერთ-ერთი გამოცდილი და ღირსეული კანდიდატია," - განაცხადა სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბოძემ.