ირანში ის ადამიანი დააკავეს, რომელმაც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეო გადაიღო.
დასავლური მედია წერს, რომ ვიდეოს ანონიმ ავტორს ბრალს სავარაუდოდ ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მუხლით წაუყენებენ.
სკანდალური კადრები ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როდესაც თეირანი ავიაკატასტროფასთან კავშირს უარყოფდა.
ახალ ვიდეომასალას აქვეყნებს "ნიუ იორკ თაიმსი". გამოცემის ცნობით, კადრებში ჩანს, თუ როგორ მოხვდა თვითმფრინავს ირანის მიერ ნასროლი ორი რაკეტა.
უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ინფორმაციის დამალვის გამო ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორმა ჟურნალისტმა არხი პროტესტის ნიშნად დატოვა.
"ადამიანების დიდ ნაწილს სოლეიმანის გამო ხელი ან ფეხი არ აქვს" - ამ სიტყვებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლიკვიდირებული ირანელი გენერალი მოიხსენია. როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ქასემ სოლეიმანი ტერორისტი იყო, რომლის მკვლელობით, რეჟიმის მოწინააღმდეგე ირანელები კმაყოფილები არიან.
მაშინ, როდესაც ტრამპი ირანელების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების სიყვარულზე ლაპარაკობს, უკრაინის რადამ ირანს უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრა.
კიევი თეირანისგან ჩამოგდებული ავიალაინერის "შავ ყუთებს" ითხოვს. ირანული მხარე კი მზადაა, გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩართოს და "შავი ყუთი" გასაშიფრად საფრანგეთში გაგზავნოს.