18 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საქმიანობის ხელშეშლაზე საუბრობენ და საპროტესტო აქციას მართავენ 

პროტესტი ინფექციურ საავადმყოფოში - "ავერსის" კუთვნილებაში არსებული, თუმცა დროებით ინფექციურ საავადმყოფოზე მიქირავებული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მედპერსონალი ჯებირების განთავსებას აპროტესტებს.

როგორც ცნობილია, შენობა 2011 წელს "ავერსმა" შეისყიდა, თუმცა მედიკოსები ამ დრომდე შენობაში მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებდნენ.

დღევანდელი პროტესტი ადგილზე "ავერსის" წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებიც რკინის კარის დაყენებას შეეცადნენ, რის შემდეგაც კლინიკის თანამშრომლებს შენობაში შესვლა შეეზღუდებოდათ.

თანამშრომლების განმარტებით, წინაღობები პრობლემებს ქმნის საავადმყოფოში გადაადგილებაში, როგორც პაციენტებისთვის ასევე მედპერსონალისთვის.

მათივე განცხადებით, შენობის გასხვისება უკანონოდ მოხდა, შესაბამისად, ავერსის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შენობაში არ უშვებს.

"კაპიკებად ხელში ჩაგდებული ქონების სანაცვლოდ, კიდევ უფრო გამდიდრებას აპირებს ავერსის მფლობელი. შედეგად, მეორე მხარეს დაზარალებული მოსახლეობა აღმოჩნდება, იმიტომ, რომ უმძიმესი პათოლოგიებით შეპყრობილი პაციენტები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღებენ სრულფასოვან სამედიცინო სერვისს, რომ კიდევ ერთი ადამიანი გამდიდრდეს.

დააყენეს ერთი ბოქლომით დასაკეტი კარი პირველ სართულზე, შესასვლელში რკინის ცხაურები დააყენეს, რომ ადვილი გასაღები არ იყოს. თუ მათ თავიანთი გეგმა განახორციელეს, ქვეყანა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საავადმყოფოს გარეშე დარჩება. ეს შენობა ავერსს უკანონოდ აქვს," - განაცხადა კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრობამ მედპერსონალს ალტერნატიული შენობა შესთავაზა, თუმცა შენობის მოწყობის სამუშაოებს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. შესაბამისად, ექიმები "ავერსის" ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ ამ ხნის განმავლობაში, დღეს არსებულ ადგილას დარჩნენ.

"ამჟამად მთავრობას აქვს გეგმა, როგორ გადაგვიყვანოს ახალ და კარგ შენობაში. ეს მთავრობის ყველა დონეზე გარკვეულია. წინასამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ 6 თვიდან ერთ წლამდე ვადა მაინც საჭირო იქნება, რომ ის სახე მიიღოს, როგორიც გვჭირდება. ვითხოვთ, შენობამ კვლავ გააგრძელოს ფუნქციონირება ბულინგისა და შეფერხებების გარეშე," - განაცხადა კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

გარდა ამისა, მედიკოსები ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, აღნიშნულ პროცესების ჩაერთონ.

დღის ამბები