18 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივების სურვილი - ექსპერტები რუსეთის მთავრობაში ცვლილებების შესახებ საუბრობენ

რას უკავშირდება რუსეთის მთავრობაში ცვლილებები - პროცესებს ექსპერტები აფასებენ. მათი განმარტებით, ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. სპეციალისტების თქმით, ამ საკადრო გადაადგილებით რეალურად არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ყოფნის ვადას კიდევ უფრო გაიხანგრძლივებს. 

"ეს არის კარგად გათვლილი ტაქტიკური სვლა, ბევრმა არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ პუტინმა აღნიშნა, რაც შეეხება პრეზიდენტის ორ ვადას კონსტიტუციაში, ის არ თვლის მას პრინციპულად, თუმცა არ ეწინააღმდეგება. ამასთან ერთად გამოაცხადა, რომ ეს იქნება რეფერენდუმის საკითხი, როგორც ინგლისელები ამბობენ, ერთი ქვით ორი ჩიტი მოკლა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ნიშნავს, რომ ფართო საზოგადოება მოითხოვს, გაუქმდეს ეს ორი ვადა პრეზიდენტის და დიდი ყოყმანის შემდეგ, ეს ამას დაეთანხმება, შემდეგ შევა ეს პაკეტი რეფერენდუმის საკითხთა სიაში და შესაბამისად გადაწყდება მისი გაპრეზიდენტება მესამე ვადით. მე ვფიქრობ, სინამდვილეში ეს არის მისი გეგმა," - განაცხადა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში თორნიკე შარაშენიძე ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინის სურვილია, სახელმწიფო საბჭო კონსტიტუციური ორგანო გახდეს, შემდგომ კი მისი თავმჯდომარე. 

"ორჯერ ორი ოთხია, რომ პუტინს სურს ხელისუფლებაში დარჩენა 2024-ის შემდეგაც. საქმე ის არის, რა ფორმას აირჩევს ამისთვის. მე მგონი ყველაზე რეალური ვარიანტი რაც არის, გახლავთ ის, რომ სახელმწიფო საბჭო გახდეს კონსტიტუციური ორგანო, ახლა პუტინმა დააყენა ინიციატივა, კონსტიტუციით დაფიქსირდეს მისი არსებობა და ფუნქციონირება და ალბათ იქცევა მის თავმჯდომარედ. ეს იქნება მგონი მისთვის მისაღები, უმტკივნეულო ფორმა, რომ მერე გადააბაროს ოდესღაც სხვას სახელმწიფო მართვა. ალბათ შეიქმნება რაღაც ტანდემი, ეს იქნება სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და მისთვის მისაღები პიროვნება იქნება პრეზიდენტი, თუმცა არა მგონია, ეს მედვედევი იყოს. და მერე ოდესღაც, ამ ტანდემის მეორე წევრს, პრეზიდენტს გადააბარებს ალბათ რუსეთს. წესით ესეთი პირი უჩანს," - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

რუსეთის დუმაში დღეს პუტინის მიერ პრემიერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას განიხილავენ. მიხაილ მიშუსტინმა პარლამენტში შეხვედრები და კონსულტაციები უკვე დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა პრემიერობის ახალი კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც მის მიერვე საკონსტიტუციო ცვლილებების დაანონსების შემდეგ რუსეთის მთავრობა გადადგა.

დღის ამბები