რომელ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს აქვთ საზოგადოების ყველაზე მაღალ მხარდაჭერა - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მორიგ კვლევას აქვეყნებს.
დოკუმენტის ტრადიციული შეკითხვით იწყება, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა ქვეყნის განვითარებას. გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 19 პროცენტის აზრით მიმართულება სწორია, 24 კი მიიჩნევს, რომ არაფერი იცვლება.
კვლევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს - გამოკითხულთა 19 პროცენტი ამბობს, რომ "ქართული ოცნება," 13 ასახელებს "ნაციონალურ მოძრაობას," "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" 7 პროცენტი, "ლეიბორისტები" 6, "პატრიოტთა ალიანსი" კი 5%. ამ კითხვაზე 20-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ არის ახლოს, 14-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 20 პროცენტი "ქართულ ოცნებას" ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობა" 13, "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" 8 პროცენტი. "ლეიბორისტული პარტია" 5, "პატრიოტთა ალიანსი" 4. უარი შეკითხვაზე განაცხადა 14-მა პროცენტმა და ამდენივე ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.
გამოკითხულთა უმრავლესობა სახელმწიფო ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი სალომე ზურაბიშვილის. რეიტინგებში მეორე ადგილზე პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიაა და მესამეზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
გამოკითხულთა 64-% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 30 კი კარგად.
გამოკითხვისას, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში ჩატარდა, გაირკვა, როგორ აფასებს მოსახლეობა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ყველაზე მაღალი ნდობა საქართველოს ჯარს აქვს. გამოკითხულთა 44 პროცენტი ჯარის საქმიანობას კარგად აფასებს, 9 პროცენტი კი უარყოფითად. ამავე რეიტინგში მეორე ადგილზე 37 პროცენტით საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიაა და საქართველოს პოლიცია. ეკლესიას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 10 პროცენტი, პოლიციას კი 15. ყველაზე დაბალი ნდომა სასამართლოსა და პარლამენტს აქვს. ამ მონაცემებით, სასამართლოს დადებითად 9 პროცენტი, უარყოფითად კი 31 აფასებს. რაც შეეხება პარლამენტს - გამოკითხულთა მხოლოდ 8 პროცენტი თვლის, რომ საკანონდებლო ორგანო კარგად მუშაობს, 40 კი - ცუდად.
სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა წინა წელთა შედარებით შემცირებულია. კვლევის მიხედვით, 2018 წელს გამოკითხითხულთა 62 პროცენტი თვლიდა, რომ სასამართლო ზოგ მოქალაქეს უპირატესობას ანიჭებდა, 2019 წელს კი ასე უკვე გამოკითხულთა 69 პროცენტი ფიქრობს.