კახა კალაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს არ ენდობა. თბილისის მერი კვლევის ჩატარების მეთოდსა და პროცესს ეჭვქვეშ აყენებს. კალაძის განცხადებით, შედეგები მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციებია, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
"NDI-ის კვლევებს რაც შეეხება, მე იგივე პოზიცია მაქვს, რასაც ადრე ვსაუბრობდი. მე მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება გარკვეულწილად შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი გამოუვა, ჩვენ კარგად ვხედავთ, სტატისტიკაც შესაძლებელია ამოვიღოთ. ვნახოთ, თუ როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ და რა შედეგები იდებოდა. ჩემს რეიტინგს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება, პირადად ჩემს მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთობები ხალხთან აწყობილი," - აცხადებს კახა კალაძე.