18 ნოემბერი 2024,   14:17
ვრცლად
ისტორიული ანტირეკორდია, ასახავს რეალობას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა და "კლოუნების" არმიამ - ოპოზიცია NDI-ს კვლევაზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI)-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, კვლევიდან გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მმართველობის სისტემა ჩამოშლილია.

"ეს აჩვენებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ  ქვეყანაში ფაქტობრივად ჩამოშლილია ინსტიტუციური მმართველობის სისტემა. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით არასწორად მიდის ქვეყანა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, NDI-ის კვლევა ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობას ასახავს.

"ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს რეალობას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა და მისი "კლოუნების" არმიამ. ისტორიული ანტირეკორდია ადამიანების რაოდენობის, ვინც თვლის, რომ ქვეყანა ხელისუფლებას არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, უფსკრულისკენ. დემოკრატიის ხარისხის შეფასების თვალსაზრისითაც ვხედავთ, რომ ანტირეკორდია და ბუნებრივია, საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები ხედავენ იმას, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ეს სამარცხვინო ლიდერი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, კვლევის შედეგები არც ოპოზიციისთვის არ არის სახარბიელო, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები კარგავს მოსახლეობის მხარდაჭერას, ეს შეუძლებელია იყოს კარგი ნიშანი ოპოზიციისთვის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

დღის ამბები