ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ერთი დაავადებული ძაღლი სოფელ დიღომში, მეორე კი - ვაზისუბნის დასახლებაში აღმოჩნდა. ორივე ცხოველს პატრონი ჰყავდა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია ჩაუტარონ - პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად.
"არც თბილისში და არც საქართველოში ცოფის შემთხვევები არ იზრდება. პირიქით, იკლებს, რადგან სახელმწიფო პრევენციულ ღონისძიებებს სისტემატურად ატარებს.
ბოლო 2 შემთხვევისას, რომელიც 30 დეკემბერს და 12 იანვარს დაფიქსირდა, დაავადებული პატრონიანი ძაღლები იყვნენ.
მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ცხოველი ავცრათ ყოველ წელს. ერთხელ აცრა არ არის საკმარისი, რომ ცოფისგან ვიყოთ დაცულები და მნიშვნელოვანია, პროცედურა გავიმეოროთ ყოველწლიურად," - ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია.