NDI-ს ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაზე იმსჯელეს. შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ტორნტონის თქმით, მიუხედავად სახელისუფლებო გუნდის შეკითხვებისა, კომპანია CRRC, რომელიც საველე კვლევებზე მუშაობს, NDI სრულ ნდობას უცხადებს.
"ჩვენი კვლევის საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, ვმართავთ დახურულ შეხვედრებს ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან, როგორც ქართულ ოცნებასთან, ასევე ოპოზიციასთან. ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო შეხვედრა. ღიად და გულწრფელად ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, მათ შორის იმ წუხილსა და კითხვის ნიშნებზე, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენელს ჰქონდა ჩვენს კვლევასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად განვაგრძოთ მომავალში ამ საკითხებზე საუბარს. შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, შეცდომებსა და გაუგებრობაზე, რაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს კვლევებს და მის მეთოდოლოგიას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს კვლევით პარტნიორზე, CRRC საქართველოზე და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს CRRC საქართველო NDI მხრიდან სარგებლობს ნდობითა და მხარდაჭერით," - განაცხადა ლორა ტორნტონმა.