ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეებთან ერთად ცდილობენ გაარკვიონ, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მორატორიუმის გაუქმების შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა.
სალომე ზურაბიშვილის ჰუმანურმა აქტმა, უფრო მეტი კითხვა გაუჩინა მსჯავრდებულებსაც, რომლებიც რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, სასჯელის შემსუბუქებას ან გათავისუფლებას ელოდნენ.
განცხადებები გააკეთეს შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარეებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული აქტი, საზოგადოებაში ნდობას უნდა იმსახურებდეს.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარეები ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც შეწყალების კრიტერიუმები ჩამოყალიბებული იყო და ამაში ჩართული იყო თავად პარლამენტის ახლანდელი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო, გაუგებარია, თუ რატომ შეცვალა პრეზიდენტმა ეს კრიტერიუმები, რომლებიც ახლა არის ბუნდოვანი.
"ვხედავთ რაღაც გაუგებარ, ნაჯღაბნ კრიტერიუმებს, რაღაცა ნაჯღაბნ სტრუქტურას. იუსტიციის სამინისტრომ თუ უნდა შეიწყალოს პატიმრები, პრეზიდენტი საერთოდ რაში გვჭირდება? საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრი ისედაც დადის უცხოეთში, დელეგაციებით ხელმძღვანელობს, შეწყალება თუ იუსტიციამ განახორციელა, 2 სასახლე რომ აქვს პრეზიდენტს, რაში გვჭირდება? ირანული მამლები უნდა იყიდოს მარტო, ფიტულები? მართლა მაინტერესებს, რაში გვჭირდება, რატომ უნდა შევინახოთ ორ სასახლიანი პრეზიდენტი?" - აცხადებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ურჩევს პრეზიდენტს, რომ ჩამოყალიბდეს კომისია, რომელიც იურისტებითა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. მისთვის გაუგებარია ასევე, ის უამრავი განცხადება, რომელიც საშობაოდ შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ის, თუ როგორ შეარჩია სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული.
"მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ შეწყალების კომისია არის ერთადერთი პანაცეა ამ დროს. შეიძლება სხვა მექანიზმი მოიფიქროს პრეზიდენტმა, მაგრამ არა ისე, რომ ის მარტო დარჩეს ამდენ განცხადებასთან. ერთგვაროვანი მიდგომა იყოს არა კონკრეტული დანაშაულების მიმართ, არამედ ყველა მსჯავრდებულის მიმართ, რომ მათი საქმეები ნამდვილად იყოს განხილული.
გადაწყვეტილებას მერე, როცა მიიღებს პრეზიდენტი, მას არ მოუვა იმ ტიპის შეცდომები, როგორიც მოუვიდა ერთხელ, როდესაც თქვა, რომ უი, არ ვიცოდი, რომ ეს იმ კონკრეტული ადამიანის მკვლელობაზე იყო გასამართლებული. ან, დავუშვათ როგორ მამალაძის შემთხვევაში თქვა, რომ მან მძიმე დანაშაული დაგეგმა პატრიარქის წინააღმდეგ," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარმომადგენელმა და შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.